Friday, June 22, 2012
გუგლის ახალი სოციალურ ქსელი
29 ივნისს, “გუგლმა” გაუშვა ახალი პროექტი – სოციალური ქსელი სახელად Google+, რომელიც, ავტორთა ჩანაფიქრით, ფეისბუქის სერიოზული კონკურენტი უნდა გახდეს. მთავარი აქცენტი გაკეთებულია უსაფრთხოებაზე, ანუ ფეისბუქის სუსტ წერტილზე.
Google+ სტრუქტურითა და დიზაინით შესამჩნევად ჰგავს ფეისბუქს. მომხმარებლები აქაც აყენებენ პროფილის სურათებს, იმატებენ მეგობრებს, თავფურცელზე კი სიახლეები, იგივე news feed-ებია.
თუმცა, ფეისბუქისგან განსხვავებით, აქ მეგობრების დაყოფა შეიძლება სხვადასხვა ჯგუფებად. რომლებსაც ინფორმაციაზე სხვადასხვა დოზით ექნებათ წვდომა.
Google+ გუშინ გაეშვა მომხმარებელთა შეზღუდული რაოდენობით და ჯერჯერობით საცდელ ვერსიაზეა. სერვისის გამოყენება მხოლოდ მოწვეულ სტუმრებს შეუძლიათ. “გუგლის” მხრიდან ჯერჯერობით არ გაჟღერებულა ინფორმაცია, თუ როდის იქნება ხელმისაწვდომი ფართო მასებისთვის.
საიტზე ამ მომენტში არაა განთავსებული რეკლამები.
მაისში გუგლის საძიებო სისტემას ჯამში მილიარდზე მეტი უნიკალური მომხმარებელი ეწვია, რითიც რეკორდი მოხსნა და გადააჭარბა ყველა ვებსაიტს. მაგრამ ამის მიუხედავად, ინტერნეტის მომხმარებლები ფეისბუქში გაცილებით მეტ დროს ატარებენ – მაისში ეს რიცხვი სოციალური ქსელისთვის შეადგენდა 375 წუთს, საძიებო გიგანტისთვის კი – 231 წუთს.
Google+ აღჭურვილია ისეთი ფუნქციებით, რომ ინტერნეტის მომხმარებლებისთვის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდეს და არ იქცეს ისეთ საიტად, სადაც ხეტიალის დროს შემთხვევით ან დროის გასაყვანად შევლენ.
ფეისბუქის სერვისის მსგავსად, გუგლის სოციალურ ქსელსაც აქვს მთავარი გვერდი, სადაც ჩანს ბოლოს გაკეთებული კომენტარები, ფოტოები და ვებსაიტების ბმულები, რომლებსაც მეგობრები და კონტაქტში მყოფნი იზიარებენ.
ისევე როგორც გუგლის სხვა საიტებზე, ზემოთ მხარეს აქაც არის ინტრუმენტების ზოლი, სადაც მომხმარებელს შეუძლია გუგლის პროდუქტები – ელექტრონული ფოსტა Gmail, გუგლის რუკები, საძიებო გვერდი და ა.შ. – იქვე გამოიყენოს.
Google+ წევრებს ასევე სთავაზობს სპეციალურ ვიდეოჩატის ფუნქციას, სადაც ერთდროულად ათამდე ადამიანს შეუძლია საუბრის გაბმა.
ლარი ფეიჯმა, გუგლის ერთ-ერთმა დამაარსებელმა, მთავარ პრიორიტეტად სოციალური ქსელის განვითარება დაისახა. ეს იმითაა გამოწვეული, რომ ხალხი საძიებო გიგანტზე უფრო ნაკლებ დროს ატარებს, ვიდრე ფეისბუქსა და ტვიტერზე.
Hudson Square Research-ის ანალიტიკოსმა, რორი მეიჰერმა განაცხადა, რომ ადვილი არ იქნება ისეთი მაცდუნებელი შემოთავაზებების მოფიქრება, რომ ბევრი ადამიანი გადავიდეს ახალ სოციალურ ქსელზე. “ფეისბუქს დიდი გავლენა აქვს, ამიტომ ეს რთული და დაძაბული ბრძოლა იქნება. რაც უფრო მეტი მომხმარებელი რეგისტრირდება ფეისბუქზე, მით უფრო ძნელი გახდება გუგლისთვის, გადმოიბიროს ისინი თავისთან. თუმცა პოპულარობაში თავის როლს ითამაშებენ გუგლის საძიებო სისტემა და Gmail.”
მომხმარებლებს შეუძლიათ, მეგობრები გადაანაწილონ სხვადასხვა რგოლებში – ოჯახის წევრები, თანამშრომლები, უნივერსიტეტის მეგობრები – და გაუზიარონ ფოტოები, ვიდეოები ან სხვა ინფორმაციები იმ დოზით, რა დოზითაც აირჩევენ.
ფეისბუქს დიდი ხნის განმავლობაში აკრიტიკებდნენ, რომ ინფორმაციის საიმედოობა არ იყო დაცული. ამიტომაც საპასუხოდ სოციალურ ქსელზე გასულ წელს შეიქმნა პატარა ჯგუფები, სადაც მეგობრების გადანაწილება გახდა შესაძლებელი. გუგლის წარმომადგენლებმა, ისე რომ ფეისბუქი არ უხსენებიათ, განაცხადეს, რომ ‘სხვა სოციალური ქსელები’ ცდილობენ შექმნან ჯგუფები, რაც თითქოს უსაფრთხოების გარანტიას იძლევა, მაგრამ რეალურად უმოქმედოა.
გუგლის სოციალურ ქსელთან დაკავშირებით ფეისბუქს კომენტარი არ გაუკეთებია.
Subscribe to:
Posts (Atom)